დავით თელია - ვაქცინაცია იქნება გარანტი, რომ ძველ, ბედნიერ და კარგ ცხოვრებას დავუბრუნდეთ
ვაქცინაცია თანამედროვე მედიცინის ყველაზე დიდი მონაპოვარია და კაცობრიობა სწორედ ვაქცინაციამ გადაარჩინა, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ს პროფესორმა, დავით თელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაითავისოს, რომ აცრით არა მხოლოდ თავიანთ თავს იცავენ, არამედ მათაც, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვაქცინის გაკეთება არ შეუძლიათ.
„ვაქცინაცია თანამედროვე მედიცინის ყველაზე დიდი მონაპოვარია და კაცობრიობა სწორედ ვაქცინაციამ გადაარჩინა. პანდემიის პირობებში ვართ და აქედან გამოსავალი ბუნებაში მხოლოდ ორია, ესაა რეკომენდაციები პირბადესთან დაკავშირებით და მეორე – ვაქცინაცია, სხვა ალტერნატივა, ან მედიკამენტი არ არსებობს. ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ ვაქცინაციით არამარტო საკუთარ თავს იცავენ, არამედ იცავენ საზოგადოებას და მათაც, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ აცრის გაკეთება, მაგალითად, პატარა ბავშვები, ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ.
ბუნებრივია, არის სხვადასხვა პროდუქტი და ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. არამარტო ვაქცინას, არამედ ყველა სხვა პროდუქტს, მათ შორის მანქანებსაც აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ მედიკამენტის პრინციპი და საბოლოო შედეგი არის ერთი – იმუნური სისტემის მობილიზაცია. „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, ჩინური ვაქცინა არაა საქილიკო და ხელწამოსაკრავი, თუ გადავხედავთ, რა ქვეყნებმა აიღეს მათზე ორიენტაცია. სხვათა შორის, ბრიტანელები „ასტრაზენეკათი“ იცრებიან, იგივე, ჩინურ ვაქცინას მთელი აზია, ჩრდილოეთი ამერიკა, მექსიკა იყენებს. ვაქცინის გაკეთება იქნება გარანტი, რომ ძველ, ბედნიერ და კარგ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა დავით თელიამ.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზე ვაქცინაციასთან ერთად ისიც მეტყველებს, რამდენად მობილიზებულია საზოგადოება. იმუნოლოგის თქმით, ხალხი რეგულაციებს გაგებით უნდა შეხვდეს და არა აგრესიულად, რადგან ეს უხილავ მტერთან ომია.
„ძველი ისტორიიდან გამომდინარე, სწორედ ვაქცინაციამ დაგვიცვა ხალხი ისეთი მძლავრი დაავადებებისგან, როგორიც იყო მაგალითად, ზიკა, ქოლერა, შავი ჭირი და ა.შ. 1 798 წელს ჯენერის მიერ პირველად იყო მოწოდებული ვაქცინაცია და იქიდან მოყოლებული კაცობრიობას ამაზე უკეთესი არაფერი მოუგონია. ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, ადამიანი აიცრას თუ არა.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზე ყველაზე მეტად მოქმედებს ჩვენი ცხოვრების წესი, რამდენად მობილიზებული ვართ და რამდენად მოვეშვებით. ადამიანებს აღიზიანებთ, მათ უნდათ, იმავე რეჟიმში იცხოვრონ, მაგრამ მსოფლიო გამოცდილება მეტყველებს, როგორც კი ყურადღება დუნდება, ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს. შეიძლება ცუდი შედარება გამოვიდეს, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს ომია უხილავ მტერთან და საჭიროა საზოგადოება და სახელმწიფო მობილიზებული იყოს. ამას უნდა შეხვდეს გაგებით, არა აგრესიულად და პოლიტიზირებულად. შედეგი აუცილებლად იქნება, რადგან ამაზე გაცილებით სერიოზული პრობლემები ჰქონია კაცობრიობას, უამრავი ასეული წლის წინ იყო და ყველაფერი კარგად დამთავრებულა. იმ ინფექციებს ხსენებაც აღარაა დღეს, რომლებიც კონტინენტებს მუსრს ავლებდა“, – განაცხადა დავით თელიამ.