საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.
დავით სერგეენკოს თქმით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების ახლობლებსაც შეხვდა და მათი მდგომარეობა პირადად გააცნო.
ამასთან, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულ 9 წლის გოგონას სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მისი თქმით, პაციენტს დაზიანებული აქვს სასუნთქი სისტემა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტი თბილისში გუშინ გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული, 67 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. როგორც გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, მამაკაცი კლინიკაში სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული.
აფეთქების შედეგად ჭითანავების ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა გუშინ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დიზელის ნაცვლად, ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია. დაშავებულები შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოინახულა.