დავით სერგეენკო - ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაზე უსაფრთხო, ეფექტური საშუალება კაცობრიობას არ შეუქმნია, ვიმედოვნებ, ვაქცინაციას ფართო მასშტაბით მოვიცავთ
დავით სერგეენკო - ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაზე უსაფრთხო, ეფექტური საშუალება კაცობრიობას არ შეუქმნია, ვიმედოვნებ, ვაქცინაციას ფართო მასშტაბით მოვიცავთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

მისივე თქმით, ამ მხრივ გუშინ საქართველოში  პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი დაიწყო.

„მოგეხსენებათ გუშინ საქართველოში დაიწყო პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი, ვაქცინაცია კოვიდინფექციის წინააღმდეგ. თუკი აქამდე პანდემიასთან ბრძოლისთვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღაბის, ხელების დამუშავების ინსტრუმენტები, ამას დაემატა უმძლავრესი ტექნოლოგია, ვაქცინაცია. შეგახსენებთ, ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, ვიდრე ვაქცინაციაა.  პანდემიიდან და საკუთრივ საკითხის მნიშვნელობიდან  გამომდინარე, დღეს ვაქცინაცია ალბათ ყველაზე სპეციფიკური სფერო გახდა. ერთი მხრივ, რთულად მოსაძებნი არის სხვა ისეთი ინდუსტრია, რომელიც აი, ასეთი დეტალური დაკვირვებისა და მონიტორინგის, შესწავლის საგანია და მეორე მხრივ, ვაქცინაცია თავისი მნიშვნელობით, შემადგენელით უკვე გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა. ეს ფაქტორები აუცილებლად არის გასათვალისწინებელი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, ვაქცინებზე საუბრისას სერგეენკომ ხაზი გასუსვა, რომ ვაქცინა დეტალური კონტროლის ქვეშ არის როგორც ეფექტურობის, ისე გვერდითი მოვლენების კუთხით.

მისივე თქმით, ვაქცინა, რომელიც საქართველოში იქნება გამოყენებული, მწარმოებელი ქვეყნის გარდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც უნდა იყოს აღიარებული.

„პირველი ჩემი თხოვნა, თუ გნებავთ უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, რომ ამ ინფორმაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ პროფესიონალებს, მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს არ არსებობს ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის როგორც ეფექტურობის, ისე გვერდითი მოვლენების კუთხით. მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული საქართველოში, გარდა იმისა, რომ მწარმოებელ ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული, ასევე აღიარებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ოფიციალური აღიარება ჰქონდეს ხარისხსა და უსაფრთხოებას.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ბრიტანული წარმოების, ბრიტანულ-შვედური წარმოების. ცნობისათვის, დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, დიდ ბრიტანეთში. იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას, რათა მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებით გამოჩნდება პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტი, როგორც სხვა ეპიდემიის შემთხვევებში იყო. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩემი მოწოდება, რომ ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ იქნება გაზიარებული, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტების, ექსპერტებისაგან. იდეალურ შემთხვევაში საერთოდ ელიმინირდეს ამ საკითხის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ძალიან მაღალია. იმედს ვიტოვებ, ჩვენი ქვეყანა წარმატებული იქნება პანდემიასთან ბრძოლაში. შევძლებთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეფექტურად დავიცვათ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.