დავით სერგეენკო - ვაქცინაციამ რომ დაცვითი ფუნქცია შეასრულოს, საჭიროა, მოსახლეობის ნახევარზე ბევრად მეტი ორჯერადად აიცრას
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ვაქცინაციამ რომ დაცვითი ფუნქცია შეასრულოს, საჭიროა, მოსახლეობის ნახევარზე ბევრად მეტი ორჯერადად აიცრას.
„კარგად ვაცნობიერებ, რომ მოსახლეობისთვის მოსაბეზრებელი და შეიძლება, დამძაბავია ინფორმაცია, რომელსაც ექიმები და ეპიდემიოლოგები ავრცელებენ, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. აპრილ-მაისში მთელი მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია. მესამე ტალღის გამომწვევია ვირუსის ბუნების ცვლილება და მისი ახალი ნაირსახეობების, ახალი შტამის გამოჩენა, რომელიც უფრო გადამდებია. სამწუხაროდ, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ის, რაც მთელ მსოფლიოშია, მისი გამოძახილია საქართველოშიც. ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა, ეს ზიანი შეძლებისდაგვარად შეამციროს და დარტყმა შეარბილოს.
ვაქცინაციის პროცესს ჯერ ისეთი შედეგები ვერ ექნება, რომ დაცვითი ფუნქცია შეასრულოს. ამისთვის საჭიროა მოსახლეობის ნახევარზე მნიშვნელოვნად მეტი ორჯერადად იყოს აცრილი, რასაც ჩვენ წლის ბოლოსთვის მივაღწევთ. მესამე ტალღის დარტყმისგან დაცვის ერთადერთი საშუალება და ინსტრუმენტი იგივეა, რაც აქამდე იყო – ნიღაბი, ხელების დამუშავება და დისტანცირება“, – განაცხადა სერგეენკომ.