წითელას აცრებთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ
დავით სერგეენკო წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება მინისტრმა მათ პირადად გააცნო. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო იქნება.
დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის აცრების ჩატარება.
მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო, თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად, დანაკარგების გარეშე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.