დავით სერგეენკო - შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს, ექიმმა-ანესთეზიოლოგმა პროკურორს ასწავლოს, როგორ ჩაატაროს გამოძიება, ეს მათი საქმეა და მჯერა, პირნათლად შეასრულებენ
მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მას აქვს თავისი ფორმატი, რა და როგორ გაკეთდეს. შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს, რომ ექიმმა-ანესთეზიოლოგმა პროკურორს ასწავლოს, როგორ ჩაატაროს გამოძიება, ვინ გამოკითხოს და ვინ არა. ეს მათი საქმეა და მჯერა, რომ პირნათლად შეასრულებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„მონაწილეებმა თქვეს, რომ ეს არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, რომელშიც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და ის ადამიანები, ვინც არ იყვნენ საჯარო მოხელეები. თუ იქნება რაიმე დასაზუსტებელი, დაწყებულია გამოძიება და ჩემი მხრიდან ზედმეტი მგონია, დარიგება დავიწყო, ვინ გამოკითხოს და ვინ არა. ეს იქნება ბერა თუ სხვა, ამბობს, რომ თუ მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავია. იქ არ ყოფილა ნათქვამი, რომ შურს იძიებს, ან სხვას გააკეთებს. მან თქვა, რომ პასუხს მოსთხოვს. ამაში რაიმე ექსტრაორდინარული არ არის. რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო და ზედმეტი მგონია, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ გამომძიებელს ასწავლონ, როგორ გააკეთოს თავისი საქმე. მათ საშუალება მივცეთ, გარკვეული მონაცემები მოიპოვონ“, – განაცხადა სერგეენკომ.
ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გუშინ ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა.