ბერა ივანიშვილი - სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს, რომ წყობილებიდან გამოგვიყვანონ
ბერა ივანიშვილი - სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს, რომ წყობილებიდან გამოგვიყვანონ

სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ჩვენ წყობილებიდან გამოგვიყვანონ, – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა განაცხადა.

ბერა ივანიშვილმა გულშემატკივრებს მიმართა, რომ ასეთ ვითარებაში სიძლიერე და თავშეკავება მართებთ.

„პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ ნერვებს გაუფრთხილდნენ, რადგან ის კლავიატურას ამოფარებული აგრესორები არ ღირან მათი ნერვების ფასად, კიდევ ვეტყოდი იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს ჩემი ახლო მეგობრებისთვის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ჩვენ წყობიდან გამოგვიყვანონ, შეეხებიან იმ ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში ან პროვოკაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორმაგი სიძლიერე და თავშეკავებულობა გვმართებს“, – აღნიშნა ბერა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში.

„იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი სადღაც 15-16 წლის თინეიჯერი და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი მისამართით, ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა და ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე, მასიური 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. ე.ი. იქ იყო მუქარა, რაღაც საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს.

აი, რაღაც ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, ეთერში ვერც კი გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკისა, თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, რომ იქ ამ საუბარს ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, თუ დარიგება“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა შეკითხვაზე, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური, განაცხადა: „მოდით, მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, ეს იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც და მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, მაჩვენეთ ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ როდინდელია გავრცელებული ჩანაწერები:

„მოდით, მაშინ ყველამ ერთად გავაანალიზოთ, ეს, ასე ვთქვათ, სცენარი, რომელსაც ოპოზიციური არხები ატრიალებენ, რომ ე.ი. ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უსმენს მის პრემიერ-მინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თან თარიღი არ იცის, როდის გვისმენს. გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის და ესენი რასაც ამბობენ, მთავრობა არ იყო და ანონიმური, უცხო ვიღაც აგენტი იქსი არის, ე.ი. ამ კაცმა შეძლო, რომ ჩვენს ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა და თარიღი არ იცის. ეს ერთი დეტალი და მეორე მხარეს მთელმა საქართველომ იცის, როდესაც ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, ხდებოდა ტოტალური მოსმენა, არა მარტო არასრულწლოვანი ბერასი, არამედ ვისიც უნდოდათ, ვინც მათ აინტერესებდათ, მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.