დავით სერგეენკო - შეწყალების საკითხებზე დებატების დროს მსჯელობა ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს
კარგი იქნებოდა, საზოგადოებას გუშინ მისცემოდა საშუალება, შეწყალების საკითხებზე დებატების დროს ემსჯელათ, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისას ბევრ კითხვას გაეცემოდა პასუხი, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
„შეწყალების კუთხით პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ შეფასებაში დაასახელა სამი თეორიული ვერსია – ნაკლები პასუხისმგებლობა, კორუფცია და მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლის. კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება. მინიმუმ, ალბათ კარგი იქნებოდა, გუშინ მისცემოდა საზოგადოებას საშუალება, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე. ვფიქრობ, ბევრ კითხვას პასუხს გასცემდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ დაესწრო მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატებს, სერგეენკოს განმარტებით, დებატები არა აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საპარლამენტო ხელისუფლების პორტფელია.
„გუშინ მე მეხუთედ დავესწარი მინისტრის რანგში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში. პროტოკოლი დაახლოებით ერთი და იგივე იყო, ჩვენ ამ პროტოკოლით ვმოქმედებთ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ვესწრებით, ხოლო დებატები აღმასრულებელი ხელისუფლების პორტფელი არ არის. ეს არის საპარლამენტო ხელისუფლების პორტფელი და ასე მოვიქეცით ამ შემთხვევაშიც. თავი კი არ აგვირიდებია, ან დემარში კი არ მოგვიხდენია, არამედ ყოველთვის ასე ხდებოდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეწყალების საკითხზე განცხადება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. „პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე – ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გუშინ წლიური მოხსენებით გამოვიდა. სხდომა დებატების ფორმატში უნდა წარმართულიყო, თუმცა მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან დეპუტატებთან უშუალოდ მათი გამოსვლის დროს დიალოგში შესვლისა და პასუხების გაცემის საშუალება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ეს იყო რეგლამენტის დარღვევა და მას პასუხის გაცემის საშუალება დასკვნითი სიტყვის დროს მიეცემოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა.