დავით სერგეენკო - შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე, გუშინდელ მოვლენებზე ყველამ პასუხი უნდა აგოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა ადამიანმა დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, დანაშაულის პრევენცია სრულად მომხდარიყო.
„შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე. არ ვიცი, ამას რა ჰქვია. არ ვიცი, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, თუ პოლიტიკური საფანელი ჰქონდა, მაგრამ მგონია, ამ საქციელზე ყველა ადამიანმა ძალიან სწრაფად და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი. კარვების დარღვევის დროს ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი არც კი იყო. არ მგონია, რომ მისმა განცხადებამ ეს ადამიანები წაახალისა. 50-ზე მეტი ადამიანის ცემას რა ჰქვია, არ მგონია, პრემიერის განცხადებას გავლენა ჰქონოდა. სამწუხარო შედეგებმა გვაჩვენა, რომ სრულად და 100 პროცენტით დანაშაულის პრევენცია ვერ მოხდა. სურვილი იქნებოდა, ამ ყველაფრის პრევენცია მომხდარიყო. თქვენი პოზიციის ადამიანურად მესმის და პასუხების გაცემა მიჭირს, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს გუშინდელ მოვლენებზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
ამასთან, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რვა პირი.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.