დავით სერგეენკო - საქართველოს პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე
დავით სერგეენკო - საქართველოს პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე

საქართველოს პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს დიასპორის აზრი, შეხედულება და პოლიტიკური ჩართულობა, თუმცა ამისთვის არსებობს ცივილური ფორმები – კომუნიკაცია და არჩევნებზე ხმის მიცემა.

„პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე. რაც შეეხება იმას, ვინ ჩავიდა ამ შეხვედრაზე და ვინ არ ჩავიდა, ვერ გეტყვით. რასაც ვუყურე, გადასარევი და მომხიბლავი მართლაც არ იყო, ასეთი ვნებათაღელვა და ფორიაქი. მნიშვნელოვანია დიასპორის ჩართულობა, მაგრამ არა ამ ფორმით, რაც ჩვენ ვნახეთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს 10 თებერვალს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.