დავით სერგეენკო - ნებისმიერ საკითხში, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის
დავით სერგეენკო - ნებისმიერ საკითხში, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის

ნებისმიერ საკითხში, მათ შორის ასეთ რეზონანსულ საკითხში, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თემა, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„მჯერა, რომ კომუნიკაცია ეფექტური იქნება და მისაღები კომპრომისი იქნება. ულტიმატუმებით საუბარი რთული იქნება, რომ შედეგზე ორიენტირებულ მიდგომად მივიჩნიოთ. კომუნიკაცია არის სწორი, რათა სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ“,- განაცხადა სერგეენკომ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

ამასთან, კომპანია „ენკამ“ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დიალოგს სთავაზობს.