ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხვალ, 12:00 საათამდე მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ
ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხვალ, 12:00 საათამდე მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხვალ, 12:00 საათამდე მათი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

გოლეთიანმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უპრეცედენტო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, ჩვენ მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ, ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმრავლე და უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს, ვიდრე დღეს აქ ვდგავართ. ამიტომ, თუ წყვეტთ იმას, რომ ხალხის ნება და სურვილი უპირატესია, მაშინ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და პასუხი ვაგებინოთ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის შემოქმედიც და ავტორიც ამ შემთხვევაში ხელისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა ყველას, ვინც ჩათვლის, რომ დღეს და მომავალში ამ ქვეყანაში თანამდებობრივად უნდა იყოს ჩვენი ნების აღმსრულებელი. მან ამ პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და მისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო იმ სკამზე მოთავსება, სადაც ისაა, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა შევქმნათ. მოგიწოდებთ უპრეცედენტო გაერთიანებისკენ, რისი არნახული მაგალითიც დღესაა, ამას კიდევ მეტი გაერთიანება სჭირდება, წამზომი ჩართულია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, რა ძირითად მოთხოვნები აქვთ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს.

გოლეთიანის განცხადებით, მათი მოთხოვნებია, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.

მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ძირითად მოთხოვნებს: კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა უნდა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის კომპანიისთვის სამუდამო გადაცემას. შეწყდეს და გაბათილდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც უშუალოდ ამ პროექტში და დოკუმენტაციაში მონაწილეობს. უმთავრესი, რაც თავიდანვე აღვნიშნე, მორატორიუმი, რომელიც ენერგოსექტორში უნდა ავიღოთ, რათა სწორად დაიგეგმოს და ამ პროცესების წარმართვა ქაოტურად არ მოხდეს“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.