დავით სერგეენკო - მედიკამენტების გაფართოებული რაოდენობით სარგებლობას ყველა ბენეფიციარი წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდან შეძლებს
დავით სერგეენკო - მედიკამენტების გაფართოებული რაოდენობით სარგებლობას ყველა ბენეფიციარი წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდან შეძლებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველებს დაემატებიან შშმ პირები და ასაკით პენსიონერები. მისივე თქმით, 23-დან 50-მდე იზრდება პროგრამით გათვალისწინებული ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალი.

დავით სერგეენკოს განცხადებით, შშმ პირები პროგრამით შემოდგომიდან ისარგებლებენ. საბოლოოდ კი, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტების გაფართოებული რაოდენობით  ყველა ბენეფიციარი სარგებლობას წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდან შეძლებს.

„დღეს შეიქმნა მონახაზი. მიმდინარე პროგრამა გულისხმობს 23 მედიკამენტის მიწოდებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. ამ ბენეფიციარებს დაემატებიან ასაკით პენსიონერები და შშმ პირები, თუმცა მცირედით განსხვავებული ფორმატით. ყველაზე დიდი გამოწვევა არის მეორე ტიპის დიაბეტი. პენსიონერებს და შშმ პირებს მიეცემათ საშუალება, ამ ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები ჯერადობით ნაკლებ ფასად შეიძინონ, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ვერ შეიძენენ ერთ ლარად. პროგრამას ასევე დაემატება მაღალი არტერიული წნევის და სავარაუდოდ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ახალი ეტაპი ჩვენი გათვლებით დაიწყება მაისში. შშმ პირები პროგრამაში არსებული 23 მედიკამენტით, რომლებსაც დაემატება სხვა მედიკამენტებიც, სავარაუდოდ შემოდგომიდან ისარგებლებენ. მთლიანად, მედიკამენტების გაფართოებული რაოდენობით (50-მდე) ყველა ბენეფიციარი სარგებლობას შეძლებს წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდან“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, წლის ბოლოდან ამ მომდევნო წლის დასაწყისიდან ესენციური მედიკამენტების შესყიდვაზე შეღავათები დაუწესდება არაბენეფიციარ მოსახლეობასაც.