დავით სერგეენკო - მავნებლურია განცხადებები, რომელიც გაკეთდა თურქეთის წინააღმდეგ, ამით ქულებს ვერ ჩაიწერენ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მავნებლურია განცხადებები, რომელიც გაკეთდა თურქეთის წინააღმდეგ.
სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, „თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა მსოფლიო საანგარიშო ქსელში, მეზობელი სახელმწიფოსგან ეს არის მტრული და არამეგობრული ნაბიჯი“.
„ასეთი განცხადებების გაკეთება არათუ საჭირო არ არის, არამედ მავნებლურია ასეთი საჯარო განცხადებები, როგორც ეს დღეს გაკეთდა თურქეთის სახელმწიფო წინააღმდეგ. უბრალოდ, ამის საჭიროება არ არის და ამით ვინმეს არც ქულები ჩაეწერება. პირიქით, ალბათ, დამაზიანებელი იქნება ასეთი განცხადებების კეთება, რადგან კონსულტაციები უკვე შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ადამიანი საკითხში მინიმუმ უნდა გაერკვეს და განცხადებები შემდეგ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.