დავით სერგეენკო - მართალია, ბაზრობა ღია სივრცეა, მაგრამ როგორც ჩანს, იქ ნაკლებად ხდებოდა დისტანციის დაცვა
ძალიან რთული კომპრომისია გასაკეთებელი სოციალურ დარტყმასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის. როგორც ჩანს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამ ამ ბეწვის ხიდზე გაიარა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ბაზრობების არგახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მართალია ბაზრობები ღია სივრცეშია განთავსებული, თუმცა იქ უსაფრთხოების წესების დაცვა ვერ ხერხდებოდა.
„რეალურად, ძალიან რთული ვითარება გვაქვს. ალბათ, სწორი იქნება, თუ ვიტყვი, ეს არის ომი უხილავ მტერთან და ძალიან სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი დიდ ზარალს მიიღებს ამ ომის შედეგად. რაც შეეხება კონკრეტულად ბაზრობებს, პირადად არ ვმონაწილეობ, მაგრამ ვიცი გადაწყვეტილებების მექანიზმი. როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ ბაზრობებზე ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკი იყო. მთავრობას წინდახედულობას ვერ დავუწუნებ. ძალიან რთული კომპრომისია გასაკეთებელი სოციალურ დარტყმასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებამ ამ ბეწვის ხიდზე გაიარა. რეალურად საომარი მდგომარეობა გვაქვს. დამერწმუნეთ, ვერ გათვლით ვირუსის ქცევას. ხდება ყოველდღიური ანალიზი არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი, თუ სად იყო ყველაზე მეტი შემთხვევა, რა კლასტერებზე და ა.შ.
მესმის ვითარების სიმწვავე. უამრავი, ათასობით ადამიანი დაზარალდა ამის გამო. დამერწმუნეთ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული მაქსიმალურ კომპრომისზე. კი, ბაზრობა ღია სივრცეა, მაგრამ როგორც ჩანს, იქ ნაკლებად ხდებოდა დისტანციის დაცვა. ღია სივრცე გარანტია არ არის. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.