დავით სერგეენკო - საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, საქართველოში ყველა ვაქცინა არის მაღალი ხარისხის
დავით სერგეენკო - საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, საქართველოში ყველა ვაქცინა არის მაღალი ხარისხის

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე; ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო და ეფექტური, იცავს დაავადებებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით სერგეენომ კომენტარი გააკეთა საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ცოფის  ვაქცინის გახარჯვის შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც გუშინ გავრცელდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა არის მაღალი ხარისხის.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც იმუნიზაციის პროგრამას ეხებოდა და რამდენიმე პუნქტისაგან შედგებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაციის არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს. მივყვები პუნქტების მიხედვით – საუბარი იყო მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის, ბავშვების ვაქცინებზე და არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. მეორე – გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული და საერთოდ, არალეგალური იყო და კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ჩვეულებრივად რეგისტრირებული ვაქცინა 2015 წელს, არა მარტო რეგისტრირებული, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი.


მესამე – ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ამასაც განვმარტავ, ჩვეულებრივად ვაქცინის ან რამე სხვა მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე, ერთი არის საკუთრივ რეგისტრაცია და ამაზე უფრო მაღალი დონე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის უფრო მაღალი თამასა. სამინისტრო ცდილობს, რომ ყველა ვაქცინა, თუკი არსებობს მსოფლიო ბაზარზე, იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, თუმცა ყოველთვის ეს არ ხერხდება, მაგრამ თუ პრეკვალიფიკაციას მოხსნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბრობს კონკრეტულად ცოფის ვაქცინაზე და არა – გეგმურ იმუნიზაციაზე.

„მე ახლა ცოფის ვაქცინაციაზე ვსაუბრობ და არა – გეგმურზე, რომელსაც საერთოდ არც კი უნდა შევეხოთ. შარშან, 11 თებერვალს როგორც კი მოგვივიდა შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი –  ან უნდა შეგვეწყვიტა ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით. ეს დაიჭერდა სადღაც თვენახევარს და ამ ხნის განმნავლობაში უბრალოდ დავკარგავდით ადამიანებს, ცოფით გარდაიცვლებოდა რამდენიმე;  მეორე -გაგვეგრძელებინა ისევ ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე.  ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რამაც დაიჭირა ხუთი კვირა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, 20 მარტიდან იმუნიზაცია უკვე ახალი ვაქცინით გრძელდება, თუმცა უკვე გამოყენებულ ვაქცინას არც ერთი გართულება არ ჰქონია.

აუდიტის სამსახურის ცნობით, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.

მოგვიანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განცხადება გაავრცელა,  რომელშცი აღნიშნულია, რომ ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში.