დავით სერგეენკო - დავით არახამიას ნამეტანი მოსდის, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან წაიღოს თავის სიტყვები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დავით არახამიას საკუთარი განცხადებებით ზედმეტი მოსდის.
სერგეენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინის რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებაზე, რომ „რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს“.
„დავით არახამიას არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული პატივისცემის და იმის გათვალისწინებით, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას და ზოგადად მის მოქალაქეებს, ნათქვამში არ უნდა ჩასდიო. ეს უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს. არ შეიძლება ასეთი ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავის სიტყვები. უკვე ნამდვილად საზღვრებს სცილდება“, – განაცხადა სერგეენკომ.