დავით სერგეენკო - ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდების მკურნალობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდების მკურნალობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრმა მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
„რაც შეეხება დაშავებულ ბავშვებს, ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან და მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს მათი ჯანმრთელობისთვის. რაც მათ დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სერგეენკომ.
თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი მოზარდი გარდაიცვალა. მოსწავლე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტს ტრავმული შოკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა.
ბარათაშვილის ქუჩიდან კლინიკებში სულ ექვსი მოსწავლე გადაიყვანეს.
რაც შეეხება დაშავებულ ხუთ მოზარდს, ორ მათგანს ინგოროყვას კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.