დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს ავტოპარკი არ განახლებულა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, ჯანდაცვის უწყებას სამსახურებრივი მოხმარებისთვის არც ერთი ავტომობილი არ შეუძენია. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„მეექვსე წელია, რაც ვმსახურობ ჯანდაცვის მინისტრად. არც ერთი ავტომობილი არ ყოფილა შეძენილი სამინისტროში სამსახურებრივი მოხმარებისთვის, ამის საპირწონედ შეძენილი იქნა 230 სპეციალური მოხმარების რეანომობილი და სასწრაფო დახმარების მანქანები. ექვსი წელია გვაქვს ის ავტოპარკი, რაც გვქონდა, არც ერთი მანქანა არ განახლებულა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებული ვითარება კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, ე.წ. პერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ახალ ინციატივას მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენს.