დავით ქევხიშვილი - ძიუდოისტები ცდებიან, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ასეთი ფორმით ცდილობენ
დავით ქევხიშვილი - ძიუდოისტები ცდებიან, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ასეთი ფორმით ცდილობენ

ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სპორტსმენების მოსვლის მიზანი იყო, რომ უფრო გაემწვავებინათ სიტუაცია, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ფედერაციის ყრილობის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სპორტსმენები ცდებიან, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ასეთი ფორმით ცდილობენ.

„მე ყველაფერი შევაჯამე და მოვიწვიე ყრილობა. მივესალმები სამინისტროს პოზიციას, მათ შექმნეს კომისია. ორივე მხარეს შესაძლებლობა გვექნება, რომ წარმოვადგინოთ პოზიციები და დოკუმენტაციები. ყრილობის წევრებს ავუხსენი, თუ რა მდგომარეობაა ფედერაციაში. სპორტსმენები ცდებიან, რომ ასეთი ფორმით ითხოვენ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას. საერთო ენა მაინც გამოინახება. 2009 წელს იგივე პროცესები იყო ნაკრებში, მაგრამ არასდროს საჯაროდ არ გამოვსულვარ და არ მითქვამს არაფერი. ფედერაციის პრეზიდენტთან არასდროს არაფერი გამიპროტესტებია და არ გამომიცხადებია ბოიკოტი. როდესაც შენ კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვალდებული ვარ აღმასკომისა და სამინისტროს წინაშე და ჩემს პოზიციას მათთან დავაფიქსირებ. მთავარი პრობლემა სხვა არის. ლიპარტელიანს მოვუწოდებ, როგორც გუნდის კაპიტანი ისე მოიქცეს. ვფიქრობ, შესაძლებელია ყველაფრის ნორმალურ პროცესში გადატანა. გაერთიანებულ ფორმატში მზად ვარ, გავცე პასუხი. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ყრილობა, იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ, რომ პრობლემებზე მსჯელობა წესების ფორმატში წარიმართოს“, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ძიუდოისტებმა ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების კითხვებს არ პასუხობდა.

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამასთან, ყრილობის დაწყებამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი.

ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან.