დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ამ დრომდე დაკავებული არ არის
ასლან ბეჟანიძე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, ამ დრომდე არ არის დაკავებული.
პირველი არხის ინფორმაციით, ის იძებნება.
ინფორმაციას ძებნის შესახებ ადასტურებს ადვოკატი. უფლებადამცველის ცნობით, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ის სამართალდამცავებს ჩაბარდება.
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ორმა ინსტანციამ გაამართლა. საკასაციო სარჩელი უზენაეს სასამართლოში პროკურატურამ წარადგინა. პროკურატურა ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებდა.
დავით ოთხმეზური 13 წლის წინ პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს. საქმე მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოაცხადეს გახსნილად. ასლან ბეჟანიძეს ბრალად ედებოდა 19 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. მან 9 თვე წინასწარ პატიმრობაშიც გაატარა. საქალაქო სასამართლოს მიერ ბეჟანიძე გამართლდა, ასევე ის გაამართლა სააპელაციო სასამართლომაც. საკასაციო სარჩელში პროკურატურამ თქვა, რომ ბეჟანიძემ წლების წინ მკვლელობა ჩაიდინა, რაზეც ოპერატიული ინფორმაცია მაშინაც არსებობდა, თუმცა ის ოჯახის დახმარებით გამოძიებას მიემალა.