ადვოკატი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა
ადვოკატი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოა და მისი შეწყალება „დაგვიანებულიც“ კი არის.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად შეწყალებული არის და შეწყალებისთვის მიმართა თავად მსჯავრდებულმა. მიმართვას საფუძველი ჰქონდა ძალიან ბევრი, პირველ რიგში ის, რომ ასლან ბეჟანიძე არის სრულიად უდანაშაულო და აღნიშნული დაადასტურა საქართველოს სასამართლოებმა, პირველმა და მეორე ინსტანციამ, ხოლო გაუგებარ რეჟიმში მოხდა გასამართლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თავად ვისაც ეს საქმე ეწერა უზენაეს სასამართლოში გიორგი შავლიაშვილს, თვლიდა, რომ ასლან ბეჟანიძე იყო უდანაშაულო. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებით ორი მოსამართლე თვლიდა, რომ ის იყო დამნაშავე და იცნო დამნაშავედ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ასლან ბეჟანიძის საქმე დაცვის მხარეს გასაჩივრებული აქვს  ევროპის სასამართლოში.

„ამავდროულად ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ევროპის სასამართლოში, კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ასლან ბეჟანიძეს წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და დაკმაყოფილების შემთხვევაში განაჩენის შეცვლის საფუძველი არსებობს.

ადვოკატები ვთვლით, რომ ასლან ბეჟანიძის შეწყალება საკმაოდ დროული იყო, შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი. ვინაიდან სრულიად უდანაშაულო ადამიანი იჯდა ციხეში, ამიტომ ვთვლით, რომ არსებობდა ყველა ის გარემოება, რომ ასლან ბეჟანიძე შეწყალებული ყოფილიყო. ჩვენ რა თქმა უნდა ბრძოლას ვაგრძელებთ ევროპის სასამართლოში, თუ დაადგინა ევროპის სასამართლომ მეექვსე მუხლის დადგენა, ჩვენ შევიტანთ აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში და მოვითხოვთ ასლან ბეჟანიძის გამართლებას.

​ცნობისთვის, 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვის ვადით.

​სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა.