დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებულის საქმეზე უზენაეს სასამართლოში მხარეები რეპლიკებს იტყვიან
დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებული ასლან ბეჟანიძის საქმეზე დღეს უზენაეს სასამართლოში მხარეები რეპლიკებს იტყვიან.
სხდომა 09:30 საათზეა ჩანიშნული.
საკასაციო სარჩელი ქვეყნის მესამე ინსტანციაში პროკურატურამ წარადგინა. მოსამართლეთა კოლეგიაში შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.
პროკურატურა ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს.
დავით ოთხმეზური 13 წლის წინ პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს. საქმე მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოაცხადეს გახსნილად. ასლან ბეჟანიძეს ბრალად ედებოდა 19 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. მან 9 თვე წინასწარ პატიმრობაშიც გაატარა. საქალაქო სასამართლოს მიერ ბეჟანიძე გამართლდა, ასევე ის გაამართლა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო სარჩელში პროკურატურამ თქვა, რომ ბეჟანიძემ წლების წინ მკვლელობა ჩაიდინა, რაზეც ოპერატიული ინფორმაცია მაშინაც არსებობდა, თუმცა ის ოჯახის დახმარებით გამოძიებას მიემალა.
ამ წუთებში საკუთარი სიტყვით სარგებლობს დაცვის მხარე. ადვოკატი მიუთითებს იმაზე, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ. უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ზეპირი მოსმენა ჩანიშნა. არ არის გამორიცხული, კოლეგიამ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.