დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდების თაობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალების გაცნობის მიზნით, ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფებიან.
ადვოკატ იმედა ბეროშვილის განმარტებით, რომელიც გიორგი ასათიანის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე მუშაობს მტკიცებულებების მოპოვებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მკვლელობის დროს ბრალდებული ასათიანი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.
დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს დაკავებული სანართალდამცველი დავით მიროტაძეც. მიროტაძეს ბრალად 35 წლის მამაკაცისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება. მიროტაძის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა პირველ არხთან დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიების მიერ ძებნილ ზურაბ ჯღარკავასთან ნათესაური კავშირი აქვს. ჯღარკავას გამოძიება მკვლელობაში მონაწილეობას ედავება.
ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე რუსთავის სასამართლოსში სხდომა 16:30 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა ხვალ 11:00 საატზე გადაიდო.
7 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს 143-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი ასათიანს კი, ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.