დავით ლორთქიფანიძე - ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, არც ერთი ნივთი „დაკარგული“ არ არის, თუ რამე უზუსტობაა, ეს ტექნიკური საკითხია
ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, არც ერთი ნივთი ე.წ. დაკარგული არ არის, თუ რამე უზუსტობაა, ეს ტექნიკური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, არასწორია საუბარი, რომ 2005 წლიდან მუზეუმიდან რამე იკარგება. ამასთან, მისივე თქმით, მიესალმება სახელმწიფოს, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს კოლექციების უფრო დეტალური აღრიცხვას.
„ბოლო ხანებში განსაკუთრებით გახშირდა კითხვები მუზეუმის კოლექციების შესახებ. ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ ჩვენი კოლექციები იყოს უკეთესად შენახული და უფრო თანამედროვე ტექნოლოგიითა და მეთოდოლოგიით აღრიცხული. ეს არის პროცესი და მე მივესალმები სახელმწიფოს, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს და მოხდეს კოლექციების უფრო დეტალური აღრიცხვა. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ძალიან შრომატევადი პროცესია. კოლექციების აღრიცხვა არ არის უბრალოდ ინვენტარიზაცია, ეს არის დიდი პროცესი და ამ პროცესის სრული ციკლი შეგიძლიათ, დაინახოთ. ერთი შემიძლია, რაც კოლექციებს ეხება, გითხრათ, რომ არც ერთი ნივთი, მას შემდეგ, რაც ეროვნული მუზეუმი შეიქმნა, 2005-დან 2022 წლამდე, ე.წ დაკარგული არ არის. შეგვიძლია ვილაპარაკოთ 2005 წლამდე დოკუმენტებზე, რომელიც ჩადის 1852 წლამდე, რომელთანაც უნდა მოხდეს მათი შეჯერება და წესრიგში მოყვანა ძველ დავთრებთან ერთად. თუ რამე უზუსტობებია, ეს ტექნიკური უზუსტობებია. ასე რომ, საუბარი, რომ მუზეუმიდან 2005 წლიდან რამე იკარგება, არასწორია.
საუბრები იმ კოლექციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა საელჩოში მოხვდა, ეს იყო 90-იან წლებში და მაშინ ეს იყო განსაზღვრული, ქართული მხატვრობა ყოფილიყო ახალ საელჩოებში წარმოდგენილი. სამწუხაროდ, რაღაც ნაწილი არ იყო დოკუმენტირებული, რაღაც ვთქვათ დაიკარგა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დაფიქსირებული შემდგომში ჩვენ მიერ და ჩვენ მიერვე მოთხოვნილი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2005 წლიდან, რომელიც მუზეუმიდან გავიდა, ყველა არის სრულად დოკუმენტირებული და სრულად დაბრუნებული. ეს არის ის, რაც მინდა, ყველამ იცოდეს.
რაც შეეხება მისი ინვენტარიზაციის პროცესს, ჩვენ მივესალმებით. ეს მიმდინარეობს და თუ ვინმეს დააინტერესებს სქემა, წარმოგიდგენთ. ამას ემატება ფინანსური აუდიტები, რომელიც ასევე ბუნებრივია, ტარდება ყოველწლიურად. ამასთან, შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ფაქტი, რაც აუდიტის შესწავლის საგანი იყო, არ არის სერიოზული დარღვევა, რომელიც შეიძლება, იყოს შეფასებული როგორც ფუნდამენტური. ეს არის ის პროცესი, რეკომენდაციები, რომელიც ყველა ორგანიზაციაში მიმდინარეობს. ისევე, როგორც კოლექციები და ფინანსური ნაწილი, შეგვიძლია, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუ არის უზუსტობები ან გადაცდომები, ეს არის ტექნიკური, ბუნებრივი, საქმიანი და ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ მხარდაჭერას და ესა თუ ის ხარვეზი გამოსწორდება“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ამასთან, დავით ლორთქიფანიძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებაა. მისი თქმით, ფონდის დაფუძნებაში პირადად მიიღო მონაწილეობა 2005 წელს და ამის შემდეგ, ფონდი ძალიან განვითარდა.
„განვითარდა, სწორედ დღევანდელ მეცნიერებას მიჰყვება. ამას ვამბობ იმიტომ, რომ იქ გამარჯვებული პროექტები გადიან დიდ ფილტრებს. ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის ერთი გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ყველა გამარჯვებულმა გაიარა ფილტრი, ჯერ საქართველოში, შემდეგ უცხოეთში. რუსთაველის ფონდს გააჩნია ძალიან გამჭვირვალე პროცესი. შესაბამისად, პროექტები, რომელიც გავიდა ეროვნული მუზეუმიდან, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, ის იურიდიული ცვლილება, რომელიც შეტანილი იქნა ჩვენს დებულებაში, გადაისინჯოს, რადგან არ შეიძლება იმ სამეცნიერო პოტენციალის დაკარგვა, რომლის საშუალებასაც ეს ფონდი გვაძლევს. ეს არის ჩემი პოზიცია ძირითად საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ძალიან ადვილია ახალი დაპირისპირების მოძებნა და მისი სურვილია, ეს თემა მორიგებით დასრულდეს.
„ჩვენი ანაზღაურება ძალიან დაბალია და რუსთაველის ფონდი არის ერთ-ერთი საშუალება ანაზღაურების მომატებისთვის. ამიტომ აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობას ყოველთვის აქვს კეთილი მიზნები და შეიძლება ამ შემთხვევაში ხდება ტენდენციური, არაკომპეტენტური ინფორმირება. არ მინდა, ვიყო მკვეთრი შეფასებაში და იმედი მაქვს, რომ ყველა საკითხი გადაწყდება. ეროვნული საგანძური არ ეკითვნის ერთ დაწესებულებას ან სამინისტროს. მე ჩემ საქმეს ვასრულებ. სახელმწიფო ხელმძღვანელობა თუ გადაწყვეტს, მე დავემორჩილები. მუზეუმი არასდროს მოქმედებდა თვითშემოქმედებით. ჩვენ ყოველთვის მივყვებოდით სახელმწიფო პოლიტიკას“, – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.