თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას ითხოვდა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
„მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული – ამან თქვა, იმან თქვაო, ავდექი და ლიფტთან დაიწყო – არ წახვიდე, სად მიდიხარო. ლიფტთან წავიქეცი და „შირმას“ დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე დაუბარი. მაკავებდნენ, კომენდატის საათი იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, იმან თქვა, ამან თქვაზე აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით. ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, ოთხი სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, კომენდანტის საათი რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი“, – განაცხადა კოდუამ.
პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალი 13აპრილს წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აპრილს, ქ.თბილისში, დ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის – ნ.გ.-ს და შვილის ე.კ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.