გიორგი ოსაძე - ქალთა მიმართ და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შსს-ში არსებობს რიგი მექანიზმები, დროული მომართვა პოლიციას საშუალებას აძლევს, რეაგირება იყოს ოპერატიული, სწრაფი და ეფექტიანი
გიორგი ოსაძე - ქალთა მიმართ და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შსს-ში არსებობს რიგი მექანიზმები, დროული მომართვა პოლიციას საშუალებას აძლევს, რეაგირება იყოს ოპერატიული, სწრაფი და ეფექტიანი

შსს-სთვის ქალთა მიმართ და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, – ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სწორედ ამ კუთხით არის, რომ სისტემაში, ჩვენ უწყებაში არსებობს მთელი რიგი მექანიზმები, რომლებიც შეგვიძლია, დროულად მომართვის შემთხვევაში გამოვიყენოთ. აქ ძალიან კრიტიკულია დროული მომართვა, რადგან როდესაც პოლიციას აქვს დროული ინფორმაცია, ეს საშუალებას გვაძლევს, პოლიციის მხრიდან რეაგირება იყოს ოპერატიული, სწრაფი და რაც მთავარია, ეფექტიანი“, – განაცხადა ოსაძემ.

გიორგი ოსაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში საზოგადოებამ აქტიურად უნდა გამოიყენოს 112, მაგრამ ასევე არსებობს ჩუმი განგაშის ღილაკი.

„ეს რის SOS ღილაკი, აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირდება ნებისმიერ სმარტფონში და თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში პირდაპირი ზარის განხორციელების გარეშე, თითის დაჭერით ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია 112-ს, რა დროსაც 112-ის ოპერატორს მიეწოდება შესაბამისი კოორდინატები და შემდგომ, შესაბამისი ტერიტორიული პრინციპით იშლება კონკრეტული პოლიციის განყოფილებაში, რომლის ტერიტორიიდანაც არის შესული“, – განაცხადა ოსაძემ.

მისი თქმით, ასევე მოქმედებს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, ე.წ სამაჯური, რაც მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში შემაკავებელ ორდერთან ერთად მოქმედებს და მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების გაკონტროლების საშუალებას იძლევა, თუმცა მსხვერპლები ხშირად უარს აცხადებენ მის გამოყენებაზე.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია სასამართლო პრაქტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხთან მიმართებაში, რადგან როგორც ცოტა ხნის წინ მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით გახდა ცნობილი, მსხვერპლი დაარწმუნეს, რომ საჩივარი გამოეტანა, გიორგი ოსაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შეფასებაში არ შევა, მაგრამ ზოგადად, სახელმწიფოს თითოეული შტოს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა არის ძალიან მკაცრი.

„კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შეფასებაში არ შევალ, მაგრამ ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან, ამ შემთხვევაში შსს-ს, პროკურატურის მიდგომა, სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი. თუნდაც გახსნის მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი და გარდა ამისა, პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელიც არის ძალიან მკაცრი სასამართლოს მხრიდანაც, კონკრეტულად სისხლის სამართლის განხილვის პროცესში; ზოგადად, გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკაც არსებობს. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების განხილვაში არ შევალ, თუმცა ზოგადად, სახელმწიფოს თითოეული შტოს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა არის ძალიან მკაცრი, იმ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რაც წლების განმავლობაში განხორციელდა“, – განაცხადა გიორგი ოსაძემ.