ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გადახდისუუნარო დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება
ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გადახდისუუნარო დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გადახდისუუნარო დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ
სარჯველაძემ მოამზადა.

დეპუტატი განმარტავს, რომ ცვლილებები გულისხმობს, როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე. პროექტის მიხედვით, ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, თუმცა მის მიმართ სახეზე იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოება – წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს და საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1 500 ლარს. ასევე, მხედველობაში მიიღება ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობაც.

ცვლილება შეეხება იმ პირსაც, რომლებსაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ და ეს დადასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელებაც. განისაზღვრება იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავის სახეები, რომლებზეც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ენიჭება უფასო იურიდიული დახმარება.