„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გურჯაანში დღეს დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოსამართლემ პროცესის გახსნაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მიიჩნევს, რომ პროცესების დახურულ რეჟიმში გამართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების განხილვა და მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
3 აპრილს დავით კირკიტაძის საქმის სასამართლო სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ხმაურისა და სიცილის გამო, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, მოგვიანებით კი სასამართლო სხდომა დახურა, რამაც კირკიტაძის ახლობლებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტი გამოიწვია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.