დავით კირკიტაძის საქმის მოსამართლის აცილებაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის აცილებასთან დაკავშირებით, კირკიტაძის ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
როგორც დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლემ განმარტა, დაცვის მხარემ აცილების მოთხოვნის შესახებ საფუძვლიანი არგუმენტი ვერ წარადგინა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროცესზე ბრალდებული დავით კირკიტაძე გამოეხმაურა და მოსამართლე მისი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
„როგორ უნდა ვირწმუნო თქვენი ან მე ან საზოგადოებამ, როდესაც ყოველ სასამართლო პროცესზე ირღვევა ჩემი უფლებები. როგორ არ უნდა ვიფიქრო, რომ თქვენ არ ხართ მიკერძოებული. მე, როგორც ბრალდებულს, რა განცდა უნდა მქონდეს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. რა აზრი აქვს პროცესებზე დასწრებას ან მტკიცებულებების წარდგენას. მაშინ, როდესაც ჩემი საქმის მიმართ ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და ასე არღვევთ ჩემს უფლებებს, საზოგადოება კარგად განსჯის და წარმოიდგენს, რა ხდება იმ პროცესებზე, სადაც არ არის ამხელა ინტერესი და სადაც აქტიურად არ შუქდება პროცესები“, – განაცხადა კირკიტაძემ.
კირკიტაძის შეფასებით, დღევანდელ პროცესზე მას მოსამართლემ არ ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ადვოკატის შუამდგომლობას აცილების შესახებ.
„თქვენ იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ მოგანდოთ ადამიანების ბედი და თქვენ კიდევ ყველა ფეხის ნაბიჯზე არღვევთ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. აი, თუნდაც დღეს, ისე გახვედით სასამართლო დარბაზიდან, არ მკითხეთ, ვეთანხმებოდი თუ არა ჩემი ადვოკატის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს წინასწარ თეთრი ძაფით არის შეკერილი“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
ამასთან, ბრალდებულმა შესავალ სიტყვაში დასაკითხ პირთა სიის გაზრდა მოითხოვა. მათ შორის არიან პოლიციის მაღალჩინოსნები – შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე.
საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 3 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. კონდახიშვილი მოსამართლეს მიკერძოებაში ადანაშაულებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.