დავით კირკიტაძის ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს
დავით კირკიტაძის ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი დღეს მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის აცილების შუამდგომლობას დააყენებს.

სასამართლო პროცესს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ადვოკატებთან ერთად ბრალდებულიც ესწრება.

კონდახიშვილი მოსამართლეს პროცესების მიმდინარეობის დროს მიკერძოებაში ადანაშაულებს.

„ჩვენთვის მიუღებელია, აღნიშნული მოსამართლე განიხილავდეს კირკიტაძის საქმეს. გამოვითხოვეთ წინა სასამართლოს სხდომის ოქმი, სადაც დადასტურდა, რომ მოსამართლე ცალსახად არის დაინტერესებული და მიკერძოებული მხარე. აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და თავის თავთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს გამოვლინდა თავდებობასთან დაკავშირებით განსახილველ სხდომაზეც. ის შედის პოლემიკაში და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. აქედან გამომდინარე, დავასაბუთებთ ჩვენს შუამდგომლობას, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა​.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.