დავით კირკიტაძე - პოლიცია თუ უკანონობას ჩადის და მას წინააღმდეგობას არ უწევ, ეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სტანდარტია
დავით კირკიტაძე - პოლიცია თუ უკანონობას ჩადის და მას წინააღმდეგობას არ უწევ, ეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სტანდარტია

რაც დაგვხვდა ველისციხეში, იყო კანონგარეშე, შსს მთლიანად იყო გასული კონსტიტუციური ჩარჩოდან, როდესაც გვიზღუდავდნენ გადაადგილების თავისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ გურჯაანის სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

„დღეისთვის რატომაც ვიმყოფები, ეს არის პოლიტიკური ნაწილი. შეიძლება, ყოველთვის მოსაწონი არ იყო ის საქციელი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს საჭიროდ, რომ ია კერზაიას უნდა აეტანა ის, რაც ხდებოდა. შეიძლება, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ პოლიცია როდესაც მოვა და უკანონობას ჩაიდენს, მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო. ეს არის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სტანდარტი. რაც შეეხება პოლიციას, მე ჩემი ავტომობილით გავჩერდი, მივედი პატრულთან. მათ მითხრეს, რომ გურჯაანის გავლით მოძრაობა არის შესაძლებელი, ხოლო როდესაც მოვედით ველისციხეში, ის, რაც დაგვხვდა, იყო კანონგარეშე, შსს მთლიანად იყო გასული კონსტიტუციური ჩარჩოდან, როდესაც გვიზღუდავდნენ გადაადგილების თავისუფლებას. დღეს თქვენ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მე გავაგრძელებ ბრძოლას. ხოლო რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას პოლიციის მიმართ, საყოველთაოდ ცნობილია, გამოვხატავ პატივისცემას. ეს ადამიანები იცავენ ჩვენს სიმშვიდეს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გურჯაანის სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, რის გამოც დავით კირკიტაძეს პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, გურჯაანში, სასამართლოსთან კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით, 17 დეკემბერს დააკავეს.