გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან [ფოტო]
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან [ფოტო]

გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს შესასვლელთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, რამაც აქციის მონაწილეებისა და ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია. მათი თქმით, მშვიდობიან აქციას გეგმავენ და დიდი რაოდენობით პოლიცია საჭირო არ იყო.

„ძალიან მაინტერესებს, ვინ იცავს დღეს კახეთში წესრიგს? ყველა პოლიციელი აქ დგას და მაინტერესებს, მართლწესრიგს ვინ იცავს? ჩვენ მშვიდობიან აქციას ვგეგმავთ. გვინდა სასამართლო პროცესზე შესვლა და იმედია, შეგვიშვებენ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სხდომა 10:30 საათზეა დანიშნული.

გურჯაანში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას, მათ უსაფრთხოებასა და მიიღებს მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო ყველა ზომას.

უწყების ცნობით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება.