ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, რის გამოც დავით კირკიტაძეს პატიმრობა უნდა შეეფარდოს
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, რის გამოც დავით კირკიტაძეს პატიმრობა უნდა შეეფარდოს

გურჯაანის რაიონული სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სასამართლოს უკვე მიმართა ბრალდების მხარემ, რომელიც აცხადებს, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

ბრალდების მხარის თქმით, როდესაც სამართალდამცველები სახლთან მივიდნენ, დავით კირკიტაძემ კარი არ გაუღო და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, კირკიტაძის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

თავად კირკიტაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ შსს-ს უნდობლობას უცხადებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას ვუცხადებ. ის დაინტერესებული მხარეა, მაგრამ მზად ვარ, სასამართლოსთან ვითანამშრომლო“, – განაცხადა პროცესზე დავით კირკიტაძემ.

სასამართლო პროცესის პარალელურად, გურჯაანში, სასამართლოსთან კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით, 17 დეკემბერს დააკავეს.