დავით კერესელიძე - სამგორის რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებას სახელმწიფოს დახმარებითა და კერძო ინვესტიციებით შევძლებთ
ჩემთვის სამგორი არის მშობლიური რაიონი. მინდა შევიტანო წვლილი მისი შემდგომი განვითარებისათვის და უკეთესი მომავლისათვის, – ამის შესახებ სამგორის გამგებლობის კანდიდატმა, დავით კერესელიძემ განაცხადა. კერესელიძემ კახი კალაძეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამგორის რაონში უამრავი სოციალური პრობლემაა, რომლის მოგვარებას სახელმწიფოს დახმარებითა და კერძო ინვესტიციებით შეძლებს.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ამ გუნდის წევრი და შევასრულოთ ყველა მიცემული დაპირება. სიცოცხლით სავსე უბნიდან, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება სიცოცხლით სავსე ქალაქის ცხოვრება. სამგორის რაიონს ადრე საქარხნო რაიონი ერქვა. იქ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, არის სოციალური პრობლემები და ავარიული ბინები. ჩვენ აღვრიცხეთ და დავადგინეთ, რომ ავარიული ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა სამგორშია. ამას სახელმწიფო თავისი ძალით ვერ მოერევა. პირობას ვდებთ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას კერძო საინვესტიციო პროექტებითა და სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით შევძლებთ“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების განახლებული შემადგენლობა დაასახელა. ახალმა მერმა სამგორის რაიონის გამგებლის პოსტზე დავით კერესელიძე წარადგინა.