საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კერესელიძე - კონფერენს ლიგის მატჩებამდე კიდევ რამდენიმე ლეგიონერს დავიმატებთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კერესელიძე - კონფერენს ლიგის მატჩებამდე კიდევ რამდენიმე ლეგიონერს დავიმატებთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა და განაცახდა, რომ „ტორპედო“ მიზნად კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ისახავს.

„ახალი სეზონისთვის მზადებით კმაყოფილები ვართ. ჩვენი მიზანია, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ. შევეცადეთ, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი არათუ შეგვენარჩუნებინა, არამედ ლეგიონერებით გაგვეძლიერებინა. ჩვენი საკადრო პრინციპი ასეთია – ლეგიონერებს პლუს გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები და „ტორპედოს“ აღზრდილი ახალგაზრდები.

გუნდის მოსამზადებელი პერიოდი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა – შეკრება გვქონდა თურქეთსა და ესპანეთში, რამაც ბევრი სიახლე დაგვანახა. კმაყოფილები ვართ სპარინგპარტნიორებით, ჩვენი გუნდის თამაშით და სეზონს იმედიანად ვუყურებთ.

კონფერენს ლიგის მატჩებამდე ეროვნულ ლიგაში 19 ტური გაიმართება, ამ პერიოდში გამოჩნდება, თუ სადმე შეცდომა დავუშვით და წერტილოვან გაძლიერებას მერეც ვაპირებთ.

ეროვნულ ლიგაში ლეგიონერების რაოდენობა შეზღუდულია. ერთი უცხოელი მოთამაშე იჯარით სხვა გუნდში გავუშვით, შესაბამისად, განაცხადში ადგილი გაგვითავისუფლდა და შეიძლება კიდევ ერთი ტრანსფერი განვახორციელოთ – საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა 24 მარტს იხურება და არ არის გამორიცხული, მაღალი დონის ლეგიონერი დავიმატოთ. ზაფხულში კი ისეთი პოზიციების შევსება გვსურს, სადაც სისუსტეები გამოჩნდება“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.