„დილამ“ „დინამო თბილისის“ მეკარე და ნორვეგიული გუნდის ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„დილამ“ „დინამო თბილისის“ მეკარე და ნორვეგიული გუნდის ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

გორის „დილამ“ ორი მოთამაშე დაიმატა, ერთი ქართველი და ერთი ლეგიონერი, – ინფორმაციას transfermarkt-ი ავრცელებს.

გორელების ქართველი ახალწვეული მეკარე დავით კერესელიძეა, რომელსაც უთამაშია „ცხინვალსა“ და „გაგრაში“, ხოლო 2022 წელს „დინამო თბილისმა“ მიიწვია. იყო საქართველოს 16, 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ერთხელ კი ეროვნული გუნდის შეკრებაზეც მიიწვიეს. სავარაუდოდ, ის ევგენი კუჩერენკოს შეცვლის, რომლიც, transfermarkt-ის ინფორმაციით, ამჟამად უგუნდოდაა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებდა.

„დილას“ კიდევ ერთი ახალწვეული გახდა ნორვეგიული „ფრედრიკშტადის“ 22 წლის ფეხბურთელი აბუბაქარ კონტე. ის მალელი ნახევარმცველია, რომელმაც კარიერა ნორვეგიაში, „სარფსბორგში“ დაიწყო. 2021 წლის მაისში იჯარით გადავიდა ერვ-ში. 2021 წლის 27 აგვისტოს კი კვლავ იჯარით გაუშვეს პორტუგალიურ „ნასიონალში“. მერე იყო ნორვეგიული „სარფსბორგი“, საიდანაც 2023 წლის მარტში „ფრედრიკშტადში“ მიიწვიეს.

აბუბაქარ კონტემ 2019 წელს აფრიკის თასზე (20-წლამდელთა შორის) მალის ნაკრებში ითამაშა და გამარჯვებული გახდა. ამ ტურნირზე მან ოთხი მატჩი ჩაატარა, ფინალში მალის ნაკრებმა სენეგალი პენალტების სერიაში დაამარცხა.

კონტემ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთში გაიმართა, სადაც ხუთ თამაშში ორი გოლი გაიტანა: პირველ მატჩში – პანამასთან, ხოლო 1/8-ფინალში არგენტინასთან, რომელსაც მალიმ პენალტების სერიაში მოუგო, მეოთხედფინალში კი იტალიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.