საყდრისის კომიტეტის წევრებმა დავით გარეჯში რამდენიმე დღის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დღეს საყდრისის კომიტეტის წევრები ჩავიდნენ და აზერბაიჯანელი მესაზღვრების მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.
,,გარეჯი ჩვენია” – ამ ლოზუნგით საყდრისის კომიტეტის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებისგან დელიმიტაციის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს და აღდგომის სახელობის მონასტერთან საქართველოს სახელმწიფო დროშა სიმბოლურად აღმართეს.
მათი თქმით, ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
დავით გარეჯის ლავრიდან მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ოთხი დღის განმავლობაში დაკეტილი ჰქონდათ. მონასტერთან მისასვლელი გზა გუშინ დილიდან გაიხსნა.
ამ დროისათვის ტერიტორიაზე სასულიერო პირები და მომლოცველები თავისუფლად გადაადგილდებიან.