დავით გარეჯის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფი თედო გორგოძე დაიკითხა
დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფი თედო გორგოძე დაიკითხა. როგორც მან განაცხადა, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს კვოტით სადემარკაციო და სადელიმიტაციო კომისიის წევრი გახდა. მალევე თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ კარტოგრაფ ნოდარ ხორბალაძესთან ერთად დაიბარა და სთხოვა, გარეჯის შეუთანხმებელ მონაკვეთზე კარტოგრაფიული მასალა მოეძიებინათ, რადგან მას გარეჯის ბერმა, კირიონმა მიმართა და დახმარება სთხოვა. მისივე ჩვენებით, არქივებში ეძებდნენ რუკას, რომელიც 1938 წელთან მიაახლოვებდათ, რადგან აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების შეთანხმებით, 1938 წლის მდგომარეობით უნდა გავლებულიყო ორ ქვეყანას შორის საზღვარი, თუმცა ყველა არქივიდან გამქრალი იყო ორასიათასიანი რუკის ის ფურცელი, რომელიც გარეჯის მონაკვეთს ასახავდა.
როგორც გორგოძემ განაცხადა, მოამზადეს პრეზენტაცია, რომელიც ალასანიას გააცნეს. მისივე თქმით, ალასანიამ სთხოვა, შეხვედროდნენ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ გარეჯთან დაკავშირებით პრობლემები იყო. გორგოძის ჩვენების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეში ჩართვის შემდეგ მოიძიეს ერთი ორასიათასიანი რუკა, რომელიც გარეჯის მთელ კომპლექსს საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა, თუმცა ივერი მელაშვილი არწმუნებდა, რომ ეს რუკა მათთვისაც ცნობილი იყო და არარელევანტურობის საფუძვლით არ გამოიყენეს.
გორგოძის განცხადებით, მელაშვილისა და კომისიის გადაწყვეტილებების შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედის ძირიდან ქედის თხემამდე გადმოიწიეს.