დავით გარეჯის საქმეზე მონასტრის წინამძღვარი დაიკითხა - ივერი მელაშვილი გვეუბნებოდა, რუკების მიხედვით, ჩიჩხიტურის მონასტრის ერთი მხარე აზერბაიჯანის მხარეს არისო
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესზე დავით გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი გიორგი ჭიღლაძე დაიკითხა.
როგორც ბერმა აღნიშნა, 2004 წლიდან ცხოვრობს გარეჯის მონასტერში, იმ დროს ჩიჩხიტურის მონასტერსა და ბერთუბნის მონასტერში შესვლაზე პრობლემა არ ექმნებოდათ, შედიოდნენ ქართველი სასულიერო პირები და მომლოცველები.
მისივე განმარტებით, პრობლემა 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩიჩხიტურის მონასტრის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ მათი ტერიტორია იყო და მდგომარეობა გართულდა.
მოწმის თქმით, 2006 წელს ჩიჩხიტურის მონასტერთან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველი ბაზა გახსნეს. 2006-2007 წლებში პრობლემა შეიქმნა ბერთუბნის მონასტერთან დაკავშირებითაც, რომელიც, ბერის თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს.
როგორც გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საქმის კურსში ჩააყენეს და მესაზღვრეები გააგზავნინეს.
მოწმემ ივერი მელაშვილთან შეხვედრებიც გაიხსენა. როგორც ჭიღლაძემ აღნიშნა, მელაშვილმა მათ განუმარტა, რომ რუკების მიხედვით, ჩიჩხიტურის მონასტრის ერთი მხარე აზერბაიჯანის მხარეს იყო.
მოწმემ ასევე გაიხსენა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ მონასტერი საქართველოს, სტრატეგიული სიმაღლეები კი აზერბაიჯანს ექნება. ჭიღლაძემ ასევე გაიხსენა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა დროიდან მოყოლებული გარეჯის კომპლექსის მონასტერი აზერბაიჯანის მხარესაა.
„სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე გიორგი მანჯგალაძე 2006 წელს ამოვიდა. მე დავუკავშირდი, დავათვალიერეთ. არ იცოდა, არ ჰქონდა ნანახი. მინდოდა, უდაბნოს მონასტერი მეჩვენებინა მისთვის. იმის მერე აღარ მინახავს. ორჯერ-სამჯერ გარეჯში, ერთხელ თბილისში შევხვდი ივერი მელაშვილს. ჩიჩხიტურის კოშკის ერთი მხარე აზერბაიჯანის მხარესაა – ამას გვეუბნებოდა ივერი. ჩვენ ვეუბნებოდით – ერთი თუ იქითაა და სამი ჩვენსკენ, ჩვენი რატომ არაა. არ გვეგონა, ასე თუ გართულდებოდა ეს საკითხი. თხემზეა განლაგებული, ოთხიდან ერთი აზერბაიჯანის მხარესაა, ასე ფიქსირდება რუკაზეო, – ივერი გვეუბნებოდა, არგუმენტი არ მოიშველია. 2007 წლის სააკაშვილის განცხადება მახსოვს: მოვილაპარაკეთ, სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დარჩეს და მონასტერი ჩვენ. ეს იყო 2007 წელი. ეს განცხადება უკავშირდებოდა თუ არა ადგილზე სიტუაციის ცვლილებას, ამას მე ვერ შევაფასებ. მახსოვს ნინო კალანდაძის განცხადება, აზერბაიჯანის არისო.
ყაზარმა ააშენეს ჩიჩხიტურის კოშკთან. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სამხედრო ობიექტი. 2006-2007 წლებში გახსნეს პირველი ბაზა. 2019 წელს სრულად ჩაკეტეს და წვდომა დავკარგეთ“, – განაცხადა გიორგი ჭიღლაძემ.