თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. პროცესი ბრალდების მხარის მოწმის გამოკითხვით განახლდება.
როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება მოწმე, რომელიც 1996-1998 წლებში იყო სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის თავმჯდომარე.
„დღეს დაიკითხება ერთი მოწმე. ეს იყო პირი, რომელიც 1996-1998 წლებში იყო კომისიის თავმჯდომარე. მისი ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველომ თავისი პოზიცია საზღვრის ხაზის გამავლობასთან დაკავშირებით შეადგინა დოკუმენტის სახით და გაცვალა მეორე სახელმწიფოსთან 1996 წელს და 2006 წელს. ეს დოკუმენტები უშუალოდ შეადგინეს ბრალდებულებმა 1996 წელს. ბრალდებულებმა 1996 წელს შედგენილ დოკუმენტში დაფიქსირებული პოზიცია 2005, 2006, 2007 წლებში უარყვეს, შეეწინააღმდეგნენ საკუთარ თავს და შეათანხმეს საქართველოს საზიანოდ. ყველა სხვა დოკუმენტს, რუკას და მასალას რომ თავი დავანებოთ, საკუთარ პოზიციებს შეეწინააღმდეგნენ, რაც ჰქონდათ დაფიქსირებული 1996 წელს. აქედან გამომდინარე, ამ მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანი იქნება, მათ შორის იმ კონტექსტში, თუ რა იყო საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბების საფუძველი დავით გარეჯის კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე იქნება, ბუნებრივია, რადგან დავით გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით დოკუმენტებშიც არის დაფიქსირებული, რომ ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სხვა უწყებებისგან იღებდნენ კონკრეტულ ინფორმაციას, პოზიციებს და ამით ამყარებენ საკუთარ პოზიციას ხაზის გამავლობასთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, უკვე 2006 წელს აბსოლუტურად სხვანაირად შეთანხმდა ეს ნაწილი, ანუ შეეწინააღმდეგნენ როგორც საკუთარ პოზიციას, ასევე მთლიან სახელმწიფოს პოზიციას“, – განაცხადა პროკურორმა.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.