თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმე ირაკლი ლეჟავა იკითხება.
პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, აღნიშნული მოწმე 2006-2007 წლებში იყო სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრი. სადრაძის განმარტებით, მოწმის ჩვენება დაადასტურებს, რომ საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში მხოლოდ ბრალდებულები მონაწილეობდნენ.
ამასთან, ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მოწმეების ჩვენებები, რომლებიც საქმეზე ფაქტობრივ ინფორმაციას იძლევიან, მხოლოდ ბრალდებულთა უდანაშაულობას ადასტურებენ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.