დავით გარეჯის საქმის მოწმე ვახტანგ დათუნაშვილი - იმ პერიოდისთვის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი რუკის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, მე ვენდობოდი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის ვახტანგ დათუნაშვილის დაკითხვა თითქმის ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც მოწმემ განაცხადა, სადემარკაციო-სადემილიტაციო სახელმწიფო კომისიის წევრი იყო და კომისიაში უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა, ხოლო კარტოგრაფიული მიმართულებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მუშაობდნენ და მათ კომპეტენციას ენდობოდა. დათუნაშვილის თქმით, მისი აზრით, სწორი იყო 50 000-იანი მასშტაბის ერთი რუკა, რომელიც კარტოგრაფებმა გამოიყენეს.
„პრეზიდენტებმა შეიძლება, რაღაც კომპრომისებზე ილაპარაკეს, მე ვიცი, რომ იყო ინტერვიუები. ზოგადად, აზერბაიჯანის მხარეს, რაღაც სტრატეგიული სიმაღლეები, საქართველოს კი, დავით გარეჯის თემა აინტერესებდა, ამ კოპრომისებზე იყო საუბარი. ვინაიდან 50 000-იანი მასშტაბის რუკა, იმ პერიოდისთვისაც და დღესაც დიდი ალბათობით, არის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი რუკა, მისი გამოყენება იმ პერიოდისთვის, სწორი გადაწყვეტილება იყო. ამ მიმართულებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა იყვნენ და აბსოლუტურად ვენდობოდი ბატონ ივერისაც, ქალბატონ ნატალიასაც, არასდროს ეჭვი არ შემპარვია მათ კომპეტენციაში და მათ ცოდნაში“, – განაცხადა ვახტანგ დათუნაშვილმა.
დაცვის მხარის შეფასებით, მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულებს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ.
ბრალდების განმარტებით, 1996 წელს ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ხელმოწერით ერთ-ერთი დოკუმენტით, გარეჯის მონაკვეთი საქართველოს ინტერესების შესაბამისად არის შედგენილი, ამ ვარიანტზე კი დღეს დაკითხულ მოწმეს ინფორმაცია არ ჰქონდა.
პროკურორის თქმით, 2006 წელს ამ პროექტისგან საწინააღმდეგო დოკუმენტი შედგა, რომლის მიხედვითაც გარეჯის ერთი მონაკვეთი საქართველოს საზღვრებში აღარ ექცეოდა. ამ დოკუმენტს დღეს დაკითხული მოწმეც აწერს ხელს, თუმცა როგორც განმარტა, მელაშვილს და ილიჩოვას კომპეტენცია იყო საზღვრების დატანება, მათ მიერ შედგენილ პროექტს ენდობოდა.