დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი - ამ დრომდე არ გვაქვს უფლება, გადავიდეთ უდაბნოს მონასტერში
ამ დრომდე არ გვაქვს უფლება, გადავიდეთ უდაბნოს მონასტერში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა და აღნიშნა, რომ მონასტრამდე მისასლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოიგონეს ლეგენდა, თითქოს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვა 20 აპრილს სალომე ზურაბიშვილის სამონასტრო კომპლექსში ჩასვლას უკავშირდება. როგორც მან აღნიშნა, „აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამბობენ, თითქოს მათ ხელმძღვანელს დასჯა დაუპირეს იმის გამო, რომ არ იცოდა, თუ სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. შესაბამისად, ხელმძღვანელმა გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო“.
„აზერბაიჯანელებმა მონასტერი დაკეტეს. იძახიან, რომ ეს მათი ტერიტორიაა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გადავიდეთ და ტურისტი შევიყვანოთ. ეს სრული აბსურდია, რადგან ტერიტორია არის სასაზღვრო ზონა, ჯერ საზღვარი გავლებული არ არის და ვიდრე დემარკაცია არ მოხდება, იქამდე ჰქვია საქართველოს ზონა. მოიგონეს ასეთი ლეგენდა, რომ შაბათს ამოსული იყო ქალბატონი პრეზიდენტი, მოილოცეს და მოინახულეს მონასტერი და თითქოს ამის შესახებ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არ იცოდნენ. პრეზიდენტს ახლდნენ ქართველი, უცხოელი მეცნიერები, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან წარმომადგენლები და არ ყოფილა ისე, თითქოს მათ არ იცოდნენ ზურაბიშვილი თუ ადიდოდა დავით გარეჯში. საჭიროა პრინციპული პოზიცია ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.