დავით გადელია - კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არც ერთ ფიცში და კანონში არ წერია, რომ ექიმი გამოჯანმრთელების გარანტიას იძლევა
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, დავით გადელიას განცხადებით, არანაირი დაცვა არ აქვთ ექიმებს, რომლებსაც კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები შეურაცხყოფას აყენებენ და მომხდარში მათ ადანაშაულებენ.
გადელიას თქმით, მაგალითად, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში თბილისის ერთ-ერთ კლინიკას აკრიტიკებენ, სიტუაცია კი სტანდარტულია.
დავით გადელია განმარტავს, რომ კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არც ერთ კანონში, არც ერთ ფიცში არ წერია, რომ ექიმი გამოჯანმრთელების გარანტიას იძლევა, არამედ ექიმი ცდილობს ამას თავისი და მეცნიერების იმ პერიოდის განვითარების შესაძლებლობის ფარგლებში.
დავით გადელია მიიჩნევს, რომ ექიმის შეცდომის შემთხვევაში, რისგანაც დაზღვეული არავინაა, საკითხი სალიცენზიო საბჭოებმა უნდა განიხილონ.
„ახლა თბილისის ერთ კლინიკას ლანძღავენ „ფეისბუქზე“. სტანდარტული სიტუაციაა: ჭირისუფალს მოუკვდა ასაკიანი დედა კოვიდით და ექიმებს და ამ კლინიკას მკვლელებს ეძახის. რა თქმა უნდა, იღებდა ვიდეოებს, მისი აზრით ნაკლოვანებების ამსახველს, რა თქმა უნდა, იწუნებს მკურნალობის პროტოკოლებს – თავისი მოსაზრებები აქვს მკურნალობაზე (რა თქმა უნდა, არაა ექიმი პროფესიით) და რა თქმა უნდა, ხალისით იზიარებს მის ნაწერს ბევრი ადამიანი, ვისაც ერთი სული აქვს, ასეთი ლანძღვა გაიზიაროს! მოკლედ, ყველაფერი გატკეპნილი ბილიკითაა.. არანაირი დაცვა არ გვაქვს ექიმებს! ხვალ ჩვენს, ან რომელიმე სხვა კლინიკას გალანძღავენ, წივილ-კივილს მოაწყობენ კლინიკაში (რას დაეძებენ სხვა ავადმყოფს!), შეეცდებიან რაიმე დააზიანონ და ერთი რამე უთხარი! ჭირისუფალია და ყველაფრის უფლება აქვს!! კიდევ იქით ვბედავთ ხმის ამოღებას!??..
არც ერთ კანონში, არც ერთ ფიცში, კაცობრიობის არსებობის მანძილზე არ წერია, რომ ექიმი გამოჯანმრთელების გარანტიას იძლევა! ექიმი ცდილობს თავისი და მეცნიერების იმ პერიოდის განვითარების შესაძლებლობის ფარგლებში. რა თქმა უნდა არის განსხვავება სხვადასხვა ექიმის შესაძლებლობას შორის, რა თქმა უნდა არის შეცდომებიც – არ არსებობს ყველაზე განთქმული ექიმი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია! მაგრამ არავის, ვიმეორებ არავის არ აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს ექიმს ასე სახალხოდ, ცინიკურად…არც სხვა პროფესიის ადამიანს უნდა მიაყენო, ცხადია, მაგრამ როცა ექიმს აყენებ შეურაცხყოფას, რამდენ სხვა პაციენტს უკარგავ ნდობას, უკლავ იმედს!
თუ თვლი, რომ ექიმს შეეშალა, არსებობს სალიცენზიო საბჭოები, სადაც, ჩემი აზრით, ექიმის საწინააღმდეგოდ უფრო არიან განწყობილნი, ვიდრე დასაცავად; არსებობს სასამართლო ბოლოს და ბოლოს! მაგრამ გასდის ყველას… არავინ არ გასამართლებულა უბრალო ცილისწამების და შეურაცხყოფის გამო – მაინცდამაინც უნდა მოკლან ცემით ექიმი, რომ საქმე აღიძრას…
მივმართავ ყველას, მათაც, ვისაც განსაკუთრებით სურს ბოჭორიშვილში მოხვედრა და განსაკუთრებით აქვს ჩვენი იმედი: ვერც სხვა და მით უფრო, ვერც კოვიდ დაავადებულის გამოჯანმრთელებაზე ვერავის ვერავითარ გარანტიას ვერ მივცემთ! ყოველთვის ფეხი-ფეხ მივყვებით მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას კოვიდის მკურნალობაზე, შესაბამისად ვიცავთ დამტკიცებულ პროტოკოლებს, მაგრამ ამის მიუხედავად არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, როცა ვერ ვშველით! ძალიან ბევრი ახლობლები დავკარგეთ თავადაც ამ ბრძოლაში ჩვენს ხელში, ჩვენ თვალწინ. ბავშვობის ძმაკაცს ვერ ვუშველე ჩვენს კლინიკაში! …
თუ რამე პრეტენზია გაქვთ- თქვენი ნებაა! ვისა აქვს უფლება, დაგიშალოთ, ცივილიზირებული წესით შეიტანეთ საჩივარი სადაც საჭიროდ ჩათვლით და მოგვეცით უფლება, თანაბარ პირობებში დავიცვათ თავი და არა ასე, ცუდ სტატუსზე დაგეშილი უსაქმურების წყევლა-კრულვის და ქოთქოთის აკომპანიმენტით.
თავს არ გაცოდებთ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ თქვენ თვითონ ხომ უნდა მიხვდეთ, რომ ექიმების ძალები, ენერგია უკვე წკიპზეა! კიდევ ორკესტრირებული ლანძღვა გვინდა!? გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პოზიცია, ქართული წესის შესაბამისად შეიკავეთ თავი ჭირში და თუ თვლით, რომ სამედიცინო პერსონალი დამნაშავეა, იმოქმედეთ ცივილიზირებულად!“, – წერს დავით გადელია.