დავით ჭიჭინაძე - ყველა დეპარტამენტის უფროსს ამ ქვეყანაში თუ თავისი ინტერესი აქვს და მინისტრი ვერ აკონტროლებს, ეს მინისტრის ბრალია
დავით ჭიჭინაძე - ყველა დეპარტამენტის უფროსს ამ ქვეყანაში თუ თავისი ინტერესი აქვს და მინისტრი ვერ აკონტროლებს, ეს მინისტრის ბრალია

ყველა დეპარტამენტის უფროსს, თუ ამ ქვეყანაში თავისი ინტერესი აქვს და მინისტრი ვერ აკონტროლებს, ეს მინისტრის ბრალია, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო არა სამინისტრო, არამედ კერძო ინტერესების კორპორაციაა, სადაც საქმიანობა მხოლოდ კერძო ინტერესებით ხდება და არ ხდება სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.

„ნათელი დასტურია ის, რომ პირველ მაისს გაცემული ბრძანება მინისტრისთვისაც ხელმისაწვდომი ახლა აღმოჩნდა. ყველა დეპარტამენტის უფროსს, თუ ამ ქვეყანაში თავისი ინტერესი გააჩნია და მინისტრი ზემოდან ვერ აკონტროლებს, ეს მინისტრის ბრალია. რაც შეეხება თვითონ ფოთის პორტს, ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში იყო გაცხადებული, რომ ფოთის პორტში უნდა აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი, შემდეგ გაჩნდა ანაკლია. უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველანაირი მცდელობა მიდის, ანაკლიის პორტი არ აშენდეს. თქვენ ინვესტორების მდგომარეობა წარმოიდგინეთ, რომლებსაც 21 მაისს ხვდებიან და თურმე 2 მაისს არის გადაწყვეტილება მიღებული და იმას უმალავენ. ჩვენ, როგორც საინვესტიციო ქვეყანა, ამით საკუთარ თავს თვითლიკვიდაციას ვუკეთებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ინვესტორს სტაბილურობა და გარანტიები სჭირდება. ჩვენ გადაწყვეტილებებში სტაბილურები არ ვართ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობამ უკან დაიხია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პასუხისმგებლობის საკითხი, ჭიჭინაძემ განაცხადა: „ნათია თურნავებისნაირი მინისტრები ჩვენს მინისტრთა კაბინეტში პრაქტიკულად 90 პროცენტია. მათ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარების დავალება აქვთ“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.