დავით ბაქრაძე - ვაჟა გაფრინდაშვილი სინდისის პატიმარია, ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენოს გასათავისუფლებად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია, ეს ადამიანი სინდისის პატიმარია და მისი გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურად უნდა იმუშაოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დღეს უკვე ეუთო-ში უნდა მოითხოვოს მუდმივი საბჭოს სხდომის მოწვევა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა დააყენონ ეს საკითხი, ევროკავშირს უნდა მიმართონ პირდაპირ დონეზე, ევროკავშირში დღეს პრემიერ-მინისტრს გაგზავნილი უნდა ჰქონდეს წერილი მოთხოვნით, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებული იყოს.
„ეს ადამიანი არის ნამდვილად საქართველოს გმირი, ვინაიდან, პატიმრობა უკავშირდება მისი მხრიდან სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას. მას რომ ეთქვა, დიახ, შემეშალა, საზღვარი გადმოვკვეთე ვერ დავინახე, მას უბრალოდ ორდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიდნენ და გამოუშვებდნენ 5 000 რუბლის ჯარიმით. ამ ადამიანმა პირდაპირ უთხრა ოკუპანტებს სახეში, რომ საქართველოს საზღვარი ფსოუზე და როკზე, მე აქ საზღვარს არ ვაღიარებ, ამიტომ ჰყავთ დაჭერილი. ეს ადამიანი არის გმირი, ეს არის სინდისის პატიმარი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ხალხის მოტყუებას და უნდა გამოიყენოს ყველას საერთაშორისო ბერკეტები, რომელიც საქართველოს აქვს.
„ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესის დასაცავად და საზოგადოებას ატყუებს, რომ ხუნდაძის და დაჩი ბერაიას მიღებული განცხადებით გაათავისუფლებს ცხინვალის იზოლატორიდან ექიმს. თავი დაანებონ ხალხის მოტყუებას და გამოიყენონ საერთაშორისო ბერკეტები, რომელიც საქართველოს აქვს, იმუშაონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ნუ ეშინიათ რუსეთისთვის პასუხის მოთხოვნა, როცა ის მოსათხოვია“, – განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.