დავით ბაქრაძე - ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი
დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვერ მოდის პარლამენტში, რომ პასუხი გასცეს პარლამენტის წევრების და ხალხის შეკითხვებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ბახტაძის არ მოსვლა არის ერთადერთი რამის პირდაპირი აღიარება – პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც კვირაზე მეტია ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში. ეს არის დამნაშავეების დასჯა და შს მინისტრის გადადგომა. პრემიერ-მინისტრის დამალვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის მზად პასუხი გასცეს ხალხის მთავარ კითხვას, მაგრამ დამალვა ამას ვერ უშველის“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, „ხელისუფლებას აუცილებლად მიუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები“.
„ბახტაძეს, გახარიას და მთლიანად ხელისუფლებას აუცილებლად მიუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები. როდის დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც დამიზნებით ახალგაზრდა ადამიანებს, გოგოებს თვალებს თხრიდა დათვის ტყვიებით. ეს არის იმ ტიპის დანაშაული, რომელზეც პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევთ. დამალვა და პარლამენტში არ მისვლა ვერ იქნება გამოსავალი.
ჩვენ მოვითხოვთ, ბატონი ბახტაძე გამოცხადდეს პარლამენტში. ოღონდ გამოცხადდეს არა მთავრობის ანგარიშით, არა თავის მოწონებით და ტრაბახით, რას აკეთებს მისი მთავრობა ხალხისთვის. მთავრობა რას აკეთებს ხალხისთვის, ამას ისედაც კარგად ვხედავთ და თავის თავზე გრძნობს ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა. გრძნობს უმუშევრობასაც, გაძვირებულ ცხოვრებასაც, გაუფასურებულ ლარსაც, ყველაფერს იმას, რა ჩიხშიც შეიყვანა მთავრობამ. ამიტომ პრემიერი უნდა მოვიდეს ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად – როგორც პრემიერ-მინისტრმა, აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს, ათიათასობით ადამიანს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობს, გასცეს პასუხი კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები და როდის აიღებს პასუხისმგებლობას შს მინისტრი”, – აცხადებს ბაქრაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი ყოველწლიურ მოხსენებით უნდა გამოსულიყო. დოკუმენტი 212-გვერდიანია. მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.