დავით ბაქრაძე - მთავრობამ მიიღო მკვეთრად არაპოპულარული გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევს
დავით ბაქრაძე - მთავრობამ მიიღო მკვეთრად არაპოპულარული გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევს

მთავრობა შედგა გზაზე და მიიღო მკვეთრად არაპოპულარული გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, დადასტურებულად ვერ იტყვის, ვისი ინტერესში შედის მარიხუანასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივა, მაგრამ მისივე განცხადებით, ფაქტია, რომ დღეს ქართული საზოგადოებისთვის მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელი მიუღებელია.

„ის, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები არ მიდიოდნენ ციხეში, არ ხდებოდეს პოლიციის მიერ ძალით დაკავება და შემოწმება არის აბსოლუტურად სხვა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რომ მარიხუანას მომხმარებელი დაჭერას და პოლიციის მხრიდან ძალადობას არ იმსახურებს. მაგრამ მარიხუანას ლეგალიზება, თუნდაც ვითომდა შეზღუდული მიზნებით, არის აბსოლუტურად სხვა და ქართული საზოგადოების რეაქცია ამაზე არის ცალსახად უარყოფითი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავრობამ, არ ვიცი, ვისი ინტერესით – საკუთარი, ივანიშვილის თუ კომერციული ინტერესით, ვერ გეტყვით დადასტურებულად და არ მინდა ვიჭორაო, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ მთავრობა შედგა გზაზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მკვეთრად არაპოპულარული და რომელსაც ქართული საზოგადოება გაუწევს წინააღმდეგობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაცილდა დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს და რამდენად დაცილდა ხელისუფლება ხალხის განწყობას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტსა და სხვა თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტის დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მკაცრად დაისჯება. მისივე თქმით, კანაფის კულტივაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება.