მამუკა ბახტაძე - კანაფის კულტივაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება
მამუკა ბახტაძე - კანაფის კულტივაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება

კანაფის კულტივაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად, რეგულაციის ნაწილია, რომ მკაცრად რეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება. პრემიერის თქმით, გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის. მარიხუანას გასაღება კი, კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება და არის დასჯადი. შესაბამისი კანონპროექტები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.